რაზიკაშვილი ლევან ლუკას ძე

რაზიკაშვილი.jpg
  • დაბადების თარიღი: 1887 წ.
  • დაბადების ადგილი: სოფ. ჩარგალი, თიანეთის მაზრა, საქართველო
  • სქესი: კაცი
  • ეროვნება: ქართველი
  • მოქალაქეობა: საქართველოს სსრ
  • სოციალური წარმომავლობა: გლეხი
  • სამუშაო ადგილი, თანამდებობა: მილიციელი, ფშავის რაინმილიციის უფროსი
  • საცხოვრებელი ადგილი: სოფ. ჩარგალი, თიანეთის მაზრა, საქართველო
  • დახვრეტის თარიღი: 16 თებერვალი 1923 წ.

  • დაპატიმრების თარიღი: 30 სექტემბერი 1922 წ.
  • ბრალად ედება: ბანდის ხელშეწყობა
  • გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული
  • სასჯელის ზომა: უმაღლესი, დახვრეტა

  • საარქივო საქმე: ფონდი 6, საქმე 2370, ტ 1, ყუთი 16

ლევან რაზიკაშვილი საკუთარი ფეხით გამოცხადდა თიანეთის პოლიციის განყოფილებაში, მას მერე რაც ქაქუცა ჩოლოყაშვილის წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციაში არ მიიღო მონაწილეობა. ლევან რაზიკაშვილი საქართველოს შინსახკომის მოადგილისა და მილიციის სამმართველოს უფროსის, იოვიძის ბრძანების საფუძველზე დააპატიმრეს. დაკავებას ოფიციალურ საფუძვლად დაედო თიანეთის მაზრის აღმასკომის თავმჯდომარის, სერგო სურგულაძის განკარგულება, ბრალდებად კი წაუყენეს: "1. ბანდიტიზმში მონაწილეობა; 2. თვითნებური მიტოვება სამსახურისა". ს. სურგულაძემ, რომელსაც ნაბრძანები ჰქონდა, თავისი რაზმით, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, გზა გადაეღობა ხევსურეთისაკენ დახეულ ჩოლოყაშვილის ბანდისათვის, დახმარება სთხოვა ფშავის მილიციის უფროსს. რაზიკაშვილი 2 მილიციელით, მართლაც, წინ გადაუდგა ჩოლოყაშვილის რაზმის ნაწილს. სროლის დროს მოკვდა 1 მილიციელი, რაზიკაშვილი და გადარჩენილი მილიციელი ჩოლოყაშვილს "დანებდა". ჩოლოყაშვილმა ლევან რაზიკაშვილი თავის რაზმში რამდენიმე დღე დატოვა. ირკვევა, რომ ჩოლოყაშვილმა ძველ მეგობარს რაზმის წევრები გააცნო და დავალებაც მისცა - მოემზადებინა ფშაველები და როცა წითელი ჯარები ხევსურეთისკენ წავიდოდნენ, მათთვის ზურგში დაერტყათ. მართალია, რაზიკაშვილმა ეს დავალება არ შეასრულა, მაგრამ მოგვიანებით ჩოლოყაშვილმა რაზიკაშვილის ხელშეწყობით შეძლო ალყიდან თავის დაღწევა და მიმალვა. რაზიკაშვილი მიჩნეულ იქნა ქაქუცას რაზმის აქტიურ წევრად, რომელიც შეიპარა საბჭოთა მუშაკებს შორის ჩოლოყაშვილისგან მიღებული დავალებების ცხოვრებაში გასატარებლად.

1922 წლის 20 დეკემბერს მწერალთა კავშირის საბჭომ გაუგზავნა სსრ საგანგებო კომისიას წერილი თხოვნით, რომ ლევან რაზიკაშვილი იყო ქართველი პოეტის, ვაჟა- ფშაველას შვილი. მას დარჩენილი ჰყავდა 5 სულისგან შემდგარი ოჯახი და რომელზე ზრუნვაც მისი მოვალეობა იყო. საბჭო იმედს იტოვებდა, რომ კოლეგია გაითვალისწინებდა ყოველივე ზემოთ თქმულს, პატივს სცემდა ვაჟას ხსოვნას დააჩქარებდა საქმის განხილვას და გაათავისუფლებდნენ.

1922 წლის 19 ოქტომბერს ლევან რაზიკაშილის მეუღლემ თხოვნით მიმართა საგანგებო კომისიის თავჯდომარეს, რომ დროულად გამოეძიებინათ მისი მეუღლის საქმე, რათა უდანაშაულო ადამიანი არ დატანჯულიყო საპყრობილეში. იმავე წლის ნოემბერში ფშავის უბნის სხვადასხვა სოფლის მცხოვრებლები რეკომენდაციას უწევდნენ მას და წერდნენ, რომ ლევან რაზიკაშვილი იყო ნამუსიანი და პატიოსანი პიროვნება. ერთგული თავის სამსახურისა, რომელიც შეუპოვრად ებრძოდა ბანდიტ ჩოლოყაშვილს ფშავში.

ბრალად ედებოდა ბანდიტ ჩოლოყაშვილთან ურთიერთობა, მან ჩოლოყაშვილის ბანდის წინააღმდეგ ბრძოლის ბრძანებაზე გამოიჩინა სრული უმოქმედობა, თანაუგრძნობდა კიდეც. ბანდიტების წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის დროს ფშავ-ხევსურეთში მან თვითნებურად დატოვა თანამდებობა.

"საქართველოს ჩეკას 1923 წლის 13 თებერვლის და საქართველოს ჩეკას პრეზიდიუმის 1923 წლის 13 თებერვლის 913 მიწერილობის საფუძველზე ჩემი, საქჩეკას კომენდარტის მიერ, 1923 წლის 15-დან 16 თებერვალს, ღამის 2 საათზე სისრულეში იქნა მოყვანილი სასიკვდილო განაჩენი - დახვრეტა შემდგომ ქვემოთ დასახელებულ განსასჯელებზე: 1. რაზიკაშვილი ლევან ლუკას ძე, 35 წლის... ყურადღებიანი დათვალიერების შემდეგ ცხედრები დაფლულ იქნა დახვრეტის ადგილას".